საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლოების საჭიროებებზე რეაგირებაზე იმსჯელეს, დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში.
რიგით მე-20 სხდომას კომისიის თავმჯდომარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე რამდენიმე აქტუალური საკითხი განიხილეს, მათ შორის: ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსური დახმარებისა და სტუდენტების 2019-2020 აკადემიური წლის დაფინანსების საჭიროებები.
„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ და ეს ყურადღება გამოიხატება, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სოციალური დახმარების ნაწილში. ქეთევან ციხელაშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია USAID -ის დაფინანსებით ახალი შესაძლებლობების თაობაზე, რაც გულისხმობს, საპარტნიორო ფონდთან ერთად, ეკონომიკური განვითარების ახალი პროგრამის განხორციელების შესაძლებლობაზე. იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტები უფრო აქტიურად იმუშავებენ მოსახლეობასთან, რათა ამ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში უკეთესი ეფექტი მივიღოთ,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
კომისიის თანათავმჯდომარის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, 2013 წლიდან შთამბეჭდავი მოცულობის საქმე გააკეთა კომისიამ, რაც პირდაპირ აისახა მოსახლეობის ყოფაზე, საუბარია მავთულხლართებით დაყოფილ 116 სოფელში მცხოვრებ 50 ათას ადამიანზე.
„დღეს კომისიამ გადაწყვიტა, რომ სტუდენტები, გამყოფის ხაზის მიმდებარე ყველა სოფლიდან, კვლავ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას 2019-2020 სასწავლო წლისთვის, რაც მათი ოჯახებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. ზოგადად, ძალიან გვახარებს, რომ გვაქვს მშობლიურ ადგილებში მოსახლეობის დაბრუნების დინამიკა, რაც ძალიან დიდი მიღწევაა და ამიტომ გავაგრძელებთ არამხოლოდ ასეთ საჭიროებებზე რეაგირებას, არამედ გავზრდით მხარდაჭერას განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ციხელაშვილმა.