ავტორი ანი გუგეშაშვილი
ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს”ინიციატივით მუნიციპალიტეტებში სამოქალაქო საბჭოები შეიქმნა. საბჭოების ძირითად მიზანს პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომ მათი ადგილობრივ თვითმმართველობამდე მიტანა წარმოადგენს.
“სამოქალაქო საბჭოები ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით შექმნილი მოქალაქეთა არაფორმალური გაერთიანებებია, რომლის მიზანიც ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობითა და ჩვენი ორგანიზაციის შუამდგომლობით მუნიციპალიტეტებში არსებული პრობლემების მოგვარებაა. პროექტის ფარგლებში ადგილობრივ თვითმმართველობასა და აქტიურ მოქალაქეებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ, შემდეგ მოქალაქეები ქალაქში, ქუჩაში თუ უბნებში არსებულ პრობლემებს იძიებენ, შესაძლებლობის შემთხვევაში, აგროვებენ ხელმოწერებს და ჩვენი მეშვეობით თვითმმართველობას განცხადებით მიმართავენ. ჩვენ ამ ყველაფერში ერთგვარი მედიატორები ვართ”, – ამბობს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი, არჩილ თოდუა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” სამოქალაქო საბჭოების წევრებმა ზუგდიდსა და ფოთში 60-ზე მეტი, იმერეთის 3 მუნიციპალიტეტში (წყალტუბო, ტყიბული, ქუთაისი) 40-ზე მეტი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 4 მუნიციპალიტეტის (ხულო, ქედა, შუახევი, ბათუმი) 8 დასახლებაში 40-ზე მეტი ინფრასტრუქტული პრობლემა/საჭიროება გამოავლინეს.
არჩილ თოდუას თქმით, ზუგდიდის მაგალითს თუ განვიხილავთ, სამოქალაქო საბჭოებთან თანამშრომლობის სურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან საკმაოდ მაღალი იყო და ამან, საერთო ჯამში, ნაყოფიერი შედეგი გამოიღო.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან ამ კუთხით საკმაოდ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. მაგალითად, 2018 წლის ნოემბერში შერჩეული 48 პრობლემიდან/საჭიროებიდან მუნიციპალიტეტმა 24-ის შესრულებაზე მზაობა გამოთქვა. აღნიშნულ პრობლემებს შორის კი იყო ისეთებიც, რომელიც ბევრი ადამიანის საერთო პრობლემას წარმოადგენდა.
რაც შეეხება ძირითად მიგნებებს, ჩვენი ორგანიზაციის სამოქალაქო საბჭოების წევრების მიერ გამოკითხული მოქალაქეები ისეთ საჭიროებებსა და პრობლემებს ასახელებდნენ, როგორიცაა ბაღის რეაბილიტაცია, გზის კეთილმოწყობა, მუნიციპალური ტრანსპორტის დამატება და ასე შემდეგ”, – განმარტავს საუბარში არჩილ თოდუა.
უფრო კონკრეტულად კი, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ადვოკატირების საფუძველზე, შემდეგი საკითხები მოგვარდა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა ზუგდიდი-ანაკლიის დამაკავშირებელი გზის სოფელ ინგირის მონაკვეთს, ასევე, დასრულდა თამარ მეფის, ლერმონტოვის, სამეგრელოსა და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩებზე გზის მოასფალტების პირველი ეტაპი, თამარ მეფის ქუჩაზე სანიაღვრე არხები მოეწყო, ხოლო სოფელ ახალაბასთუმანში სანიაღვრე არხები გაიწმინდა.
გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა 15 ახალი ავტობუსი შეიძინა, ანაკლიაში საზოგადოებრივი საპირფარეშო ააშენა, სოფელ ჯუმში ბაღის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, კახათსა და ნარაზენში საექიმო ამბულატორიების მშენებლობა დაიწყო, ახალკახათსა და დიდინეძში შიდა სასოფლი გზები მოხრეშა, ცოტნე დადიანის, თამარ მეფისა და რევაზ ლაღიძის ქუჩებზე საბავშვო ატრაქციონები განაახლა, სოფელ ახალკახათის ბიბლიოთეკას 100-ზე მეტი წიგნი გადასცა, ახალაბასთუმანსა და დიდინეძში კი ნაგავშემკრები კონტეინერები დაამატა.
კითხვაზე, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია ზუგდიდში არსებული 48 საჭიროებიდან მერიამ აღნიშნული 24, არჩილ თოდუას თქმით, ეს მათთვის უცნობია.