რიჟვაძე: 2020 წელს 30-ზე მეტი სოფელი ბუნებრივი აირით ისარგებლებს

1221

გუშინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

ასევე, მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გაზიფიცირების და წყალმომარაგების კუთხით რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მომავალ წელს 30-ზე მეტი სოფელი გაზიფიცირდება და ათასობით ოჯახი ბუნებრივი აირით ისარგებლებს.

“2021 წლისთვის სრულიად აჭარა უნდა იყოს გაზიფიცირებული. ასევე, წყალმომარაგების მიმართულებით, ჩვენ მოვაწერეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ხელი, მათ შორის ბათუმის მერიის ჩართულობით და შემდეგი 5 წლის განმავლობაში 100 მილიონ ევროზე მეტი დაიხარჯება წყალმომარაგება-წყალარინებისთვის. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რაც გაკეთდება რეგიონში“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

უწყების ცნობით, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ 2020 წლის ბიუჯეტი მოსახლეობის უშუალო ჩართულობით და მათთან კონსულტაციებით შედგა, მომავალი წლის ბიუჯეტი მოქალაქეების კეთილდღეობაზეა ორიენტირებული, რაც მათი უკეთესი მომავლის წინაპირობაა.

სხდომას აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრები, მუნიციპალიტეტის მერები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.