თბილისში ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ძეგლებს დადგამენ

7150

თბილისში ჟიული შარტავას და გურამ გაბისკირიას ძეგლები დაიდგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა.

“2019 წლის 7 მარტს გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეს, ჩვენს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წელი შეუსრულდებოდა. დღესღეობით, არც მისი ბიუსტი და არც ძეგლი დედაქალაქში არ დგას და ვფიქრობ, ჟიული შარტავა იმსახურებს, რომ მისი ძეგლი არსებობდეს დედაქალაქში”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კალაძე თვლის, რომ, ჟიული შარტავასთან ერთად, გურამ გაბისკირიას ძეგლიც უნდა დაიდგას. “ჩვენ ყველას გვახსოვს ის წუთები, როდესაც სოხუმი დაეცა, ეს ადამიანები, ფაქტობრივად, ბოლო გამოვიდნენ მთავრობის სახლიდან. როდესაც მას ეუბნებოდნენ, რომ დაეჩოქა და საქართველოსთვის შეეგინებინა, ყველას გვახსოვს მისი პასუხი – “არასდროს ცხოვრებაში”. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენგან იმსახურებენ ამას. ჩვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობებმა ჩვენი გმირები აუცილებლად უნდა იცოდნენ და ჩემი თხოვნა იქნება, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ამ ადამიანებს ეკადრებათ”, – მიმართა თბილისის მერმა საკუთარი მთავრობის წევრებს.

კახა კალაძემ საკითხის მოგვარება თავის მოადგილეს, სოფიო ხუნწარიას დაავალა.