ივანიშვილი: აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია

1632

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, აბასთუმანში ათეული წლებია, სახელმწიფომ ვერ მიიზიდა ინვესტორები. თუმცა, როგორც კი გაჩნდა კურორტის მასშტაბური განვითარების გეგმა და გარანტია, კერძო ბიზნესი დიდი მონდომებით ჩაერთო პროექტში.

“აბასთუმანში ამჟამად მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, მე მხოლოდ ერთს – “პარაგრაფს“ ვაშენებ, ხოლო დანარჩენ ხუთს: “რუმსს“, “რედისონს“, “ქრაუნპლაზას“,”რედიქს ჯგუფის“ ორ სასტუმროს – სხვა ქართველი ბიზნესმენები აშენებენ, ისევე, როგორც საშუალო და პატარა ზომის რვა სასტუმროს და ოთხასბინიან საცხოვრებელ აპარტამენტს.

უკვე დაიწყო უნიკალური აბანოების აღდგენა, შენდება კაფეები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია.

სახელმწიფოც, შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს არ ჩამორჩეს კერძო ინიციატივას – გაყავს გზები, აწესრიგებს წყლის და სხვა ინფრასტრუქტურას, დაწყებულია ობსერვატორიის რეაბილიტაცია და სულ მალე გვექნება მსოფლიო დონის ასტროფიზიკური სამეცნიერო ცენტრი. თუმცა, სახელმწიფოსაც სჭიდება თანადგომა და ვინაიდან, მაქვს საშუალება და სურვილი, ვცდილობ, შევუმსუბუქო მას ტვირთი და სამედიცინო თუ სხვა, საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურის მშენებლობას და აღჭურვას, აბასთუმანში, პირადი სახსრებით ვახორციელებ”, – ნათქვამია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელიც მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

ამასთან, ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში ყველა სასტუმროს გამოსყიდვას და აღდგენას გეგმავს.