მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად ოთხი 100 ტ გამტარუნარიანობის ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები “ნენსკრა ჰესის“ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს სს “ნენსკრა ჰიდროს“ ქვეკონტრაქტორი „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს.
“ამჟამად ჭუბერში “ნენსკრა ჰესის“ მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ჯამში 14 ხიდისა და 45 კმ გზის მშენებლობას გულისხმობს. ძირითადი სამშენებლო სამუშაოები 2020 წელს დაიწყება”, – აცხადებენ სს “ნენსკრა ჰიდროში”.
მათივე ინფორმაციით, “ნენსკრა ჰესის“ ინფრასტრუქტურაში ორი გვირაბი შევა. ნაკრას სატრანსფერო გვირაბი, რომელიც წყალს ნაკრას მცირე წყალსაცავიდან ნენკსრას წყალსაცავში გადააგდებს და ნენსკრას სადაწნევო გვირაბი, რომელიც წყალსაცავს ჰიდროელექტროსადგურთან დააკავშირებს.
„ნენსკრა ჰესის“ გვირაბების გასაყვანად უახლესი ტექნოლოგიები, კერძოდ, ორი გვირაბგამყვანი მანქანა Double Shield TBM იქნება გამოყენებული, რომელიც საგენგებოდ სს „ნენსკრა ჰიდროსთვის“ გერმანულმა კომპანია Herrenknecht-მა დაამზადა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.