ხმალაძე: წლების განმავლობაში ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს და შედეგად უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით

733

ხშირად საუბრობენ, ჯერ ერთი რამგაგეკეთებინათ და შემდეგ მეორეო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, წლების განმავლობაში არა მხოლოდ მეტროსთვის, არამედ ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს და შედეგად უამრავი გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მეტროპოლიტენში არსებული მდგომარეობის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი განმარტებით, მეტროში მგზავრთა ნაკადის მატება სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან მგზავრთა ნაკადი ბოლო წლების განმავლობაში ყოველწლიურად 11%-ით იზრდება.

ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტი მუშაობს მეტროში მგზავრთა გადაადგილების ახალ გეგმაზე, რათა მოძრაობის რეგულირებით შესაძლებელი გახდეს მოზღვავებული ნაკადის მართვა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის თავიდან აცილება.

“როდესაც დედაქალაქის ახალი მერი მოვიდა ქალაქის მართვაში, ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვანი და არსებითი ამოცანები დაგვისახა თბილისის მოსახლეობამ და ერთ- ერთი ყველაზე მთავარი იყო სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. სატრანსპორტო კუთხით საცობების და დაბინძურებული ჰაერის პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების გაზრდა და კერძო ავტომობილების რიცხვის შემცირება. პრობლემებზე საუბარს არავინ გაურბის. დღეს ჩვენ გვაქვს მეტროში მომატებული ნაკადები. მეტროს მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და უნდა გაიზრდოს კიდეც. რასაკვირველია, უნდა გაიზარდოს არა მხოლოდ მეტროს, არამედ ავტობუსების მოხმარება- ეს არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი,”-აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერის განცხადებით, დღეს თბილისის მეტროპოლიტენში პრობლემები ნამდვილად არსებობს და სწორედ მის მოგვარებაში იხარჯება ასეულობით მილიონი ლარი.

“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემური კვანძი არის სადგურის მოედნის გადასაჯდომი ხაზი და კონკრეტულად ის გვირაბი, სადაც პიკის საათებში განსაკუთრებით მოზღვავებული ნაკადია. სტუდენტობის პერიოდში სულ მეტროთი ვმგზავრობდი და მაშინაც კი ეს ასე იყო. მოდით ერთმანეთისგან განვასხვაოთ შედეგი და ტენდენცია. დღეს ჩვენ არ გვაქვს შედეგი, მაგრამ გვაქვს ტენდენცია-იზრდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება, რაც კარგია. ამასთან, მუნიციპალიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარების ზრდის პარალელურად, იღებს ყველა საჭირო ზომას, რომ გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება და მიწოდების ხარისხი. რას ვაკეთებს ამისთვის? კახა კალაძე მოსახლეობას დაპირდა, რომ მეტროპოლიტენს დაამატებდა 12 ახალ შემადგენლობას და 10 ახალი შემადგენლობა თბილისის მეტროპოლიტენს უკვე დაემატა. დარჩა ორი შემადგენლობა, რომელიც მეტროპოლიტენის ქსელში წლის ბოლომდე გაეშვება. EBRD-თან ერთად, ვახდეთ დამატებით 10 ახალი შემადგენლობის შეძენას. ახალი შემადგენლობების დამატების შედეგად, მეტროს სადგურებში მოცდის რეჟიმი 4,5 წთ-დან 2,5 წთ-მდე შევამცირეთ პიკის საათებში. თუ
შევხედავთ ოცდასამივე სადგურში არსებულ მდგომარეობას, ერთადერთი პრობლემური ადგილი
სადგურის მოედანი ფიქსირდება. მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს სადგურის მოედნის გადასასვლელ გვირაბში არსებული ნაკადი, თორემ მეტროს ვაგონი რომ დაიძრება, ბაქანზე მგზავრი არ გვრჩება. მუნიციპალიტეტი უკვე ნერგავს ახალ გეგმას და მოძრაობის რეგულირებით
მოვახერხებთ იმას, რომ გადასასვლელ გვირაბშიც არ გვქონდეს ასეთი მოზღვავებული ნაკადი და
დისკომფორტი მოქალაქეებისთვის,”-განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის განმარტებით, თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა ითვალისწინებს მეტროს სისტემის რეაბილიტაციას, ავტობუსების პარკის განახლებას, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას, ტაქსების სისტემის რეფორმას და ნაკადების მართვის ჭკვიან სისტემას. ყველა ამ მიმართულებით თბილისის მუნიციპალიტეტს მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

“ხშირად საუბრობენ, რომ ჯერ ერთი რამ გაგვეკეთებინა და შემდეგ მეორე, რადგან ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულია. ჩვენ ვიცით, რომ ეს მტკივნეულია, ისევე როგორც რეაბილიტაციის დროს გადათხრილი ქუჩები. დიახ, ყველაფერი ერთად არის გასაკეთებელი. წლების განმავლობაში არა მხოლოდ მეტროსთვის, არამედ ბევრი რამისთვის არავის მიუხედავს. დედაქალაქის მერი ოთხწლიანი ვადითაა არჩეული და ძალიან ბევრი

გამოწვევა დაუსახა ქალაქმა. ვაღიარებთ, რომ კეთების პროცესი არის დისკომფორტის შემქმნელი, მაგრამ მთავარი არის შედეგი. უახლოეს პერიოდში მეტროს ესკალატორების რეაბილიტაციაც დაიწყება, რაც ასევე დისკომფორტს გამოიწვევს, მაგრამ არ გავაკეთოთ?! სახლში რემონტი ყველას გაუკეთებია და ვიცით, რომ რემონტის პროცესი ძალიან რთულია, ვაკეთებთ მაშინ, როდესაც ამის საშუალება და საჭიროება არსებობს და გარემონტებული სახლი ყველასთვის სასიამოვნოა”,- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.