თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი 700-მდე დევნილი ოჯახი გახდა, – აცხადებენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
‘სახელმწიფო ყოველწლიურად ზრდის დევნილი ოჯახების ბინით დაკმაყოფილებისთვის ბიუჯეტში გამოყოფილ თანხებს. ამ ეტაპზე თბილისში ბინა 700-მდე ოჯახს გადაეცა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას და თბილისში, დევნილი ოჯახები ბინებს წლის ბოლოსაც მიიღებენ“, – განაცხადა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
უწყების ინფორმაციით, ბინების გადაცემის შედეგად, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი 24 ნგრევადი ობიექტი დაიხურა.
მათივე ცნობით, თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს ხოლო დამატებით 270-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინა წლის ბოლოს გადაეცემა.
2012 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართით 21 000-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა.