ასპინძის სოფელ ზველში შიშობენ, რომ ზამთარში სასმელი წყალი არ ექნებათ

741

ასპინძაში, სოფელ ზველში ამბობენ, რომ მელიორაციის სამსახურმა სასმელი წყლის სისტემა გააკეთა, თუმცა პლასტმასის მილებს, რითაც წყალი ადგილობრივების სახლებამდე მიიყვანეს მიწა არ დააყარეს. სოფელში შიშობენ, რომ ზამთარში მილები გაიყინება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

სოფელში არსებულ წყლის გამანაწილებლებს, პლასტმასის მილები რამდენიმე კვირის წინ დაუერთეს.

„ზემოდან დაყარეს მილები, სახლამდეც არ არის მიყვანილი. ჩვენთან ძალიან მკაცრი ზამთარია. ოქტომბრის ბოლოს უკვე გაიყინება და წყლის გარეშე დავრჩებით“, – ამბობს ადგილობრივი ბაჩუკი ზედგინიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მილების მიწაში ჩაყრა, თვითონ სცადეს, თუმცა თვითმმართველობამ ამის უფლება არ მისცა, რადგან მილების ჩასაწყობად ასფალტი უნდა გადაეთხარათ.

„ეს ვინც მოიფიქრა, სად ქონდა ტვინი?! ზამთარში 30-35 გრადუსი ყინვაა, დასკდება მილები, ასფალტსაც არ გვათხრევინებენ. მაშინ თავიდანვე გაეკეთებინათ, სანამ ასფალტს დააგებდნენ“, – ამბობს ჰამლეტ ზედგინიძე.

ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, რომ პლასტმასის მილებზე მიწის გადაფარებასთან დაკავშირებით მერიისთვის არავის მიუმართავს და საკითხთან დაკავშირებით არც ინფორმაცია აქვს.

„მე არვიცი რა მილებზეა ლაპარაკი. ზველში არც წელს და არც შარშან არანაირი წყლის სისტემა არ გაგვიკეთებია და ვერ გეტყვით რა პრობლემაზე საუბრობს ეს ხალხი“, – ამბობს როსტომ მაგრაქველიძე.

სოფელ ზველის სასმელი წყალი, ასპინძის მელიორაციის სამსახურის ბალანსზეა. რა ბედი ელის ზამთარში მიწის ზემოდან დარჩენილ პლასტმასის მილებს, პასუხი მელიორაციის სამსახურიდან ვერ მივიღეთ, რადგან მისი ხელმძღვანელი მერაბ ნარიმანიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ზველის მოსახლეობას, წყალი მთებიდან ჩამოყავს, თუმცა ამბობენ, რომ სოფლისთვის საკმარისი არ არის. სასმელ წყალთან დაკავშირებულ პრობლემებზე „სამხრეთის კარიბჭე“ მიმდინარე წლის მაისშიც წერდა.

სოფელში, 300–ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დასახლება ზღვის დონიდან 1 460 მეტრზე მდებარეობს. ადგილობრივების თქმით აქ ზამთარი არა სამ, თითქმის ექვს თვეს გრძელდება.