ქუთაისის ყველა მუზეუმი, შესაძლოა, ერთ შენობაში განათავსონ

1363

ქუთაისის მერია ქალაქში მოქმედი მუზეუმებისთვის საერთო სივრცის მოწყობის იდეაზე მუშაობს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

მერის მოადგილის, ნინო თვალთვაძის თქმით,  საუბარია  ახალი შენობის მშენებლობაზე, სადაც მერიის დაქვემდებარებაში არსებული ყველა მუზეუმი გაერთიანდება.

მათ შორის არ არის საუბარი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ  მუზეუმზე, რომელიც ბოლო წლებია პუშკინის ქუჩაზე, “ეროვნული ბანკის“ ყოფილ შენობაში ფუნქციონირებს, თუმცა, საგამოფენო დარბაზების სიმცირის გამო ექსპონატების ნაწილი დასაწყობებულია.

სად აშენდება და რა თანხა დასჭირდება ახალ შენობას, რომელიც ქუთაისის მუზეუმებს გააერთიანებს, ჯერჯერობით უცნობია. იდეის განხორციელება  ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ფინანსების  მოძიებაზეა დამოკიდებული. მერის მოადგილე ამბობს, რომ ახლა სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ.

მანამდე კვლავ პრობლემად რჩება ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ფართის სიმცირე.  იმის მიუხედავად, რომ მუზეუმს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი შენობა გადაეცა, მისი ათვისება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

ქალაქის მთავარი მუზეუმისთვის საგამოფენო სივრცეების დამატებაზე საუბარი ორი წლის წინაც იყო. მაშინ, მუზეუმის ხელმძღვანელი ომარ ლანჩავა ამბობდა, რომ შენობაზე,  მის გვერდით მდებარე ოლიმპიური სკვერის მხრიდან  ოთახების მიშენება მოხდებოდა, რაც დამატებით ორ საგამოფენო დარბაზს შესძენდა მუზეუმს და ექსპონატების გამოფენის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდებოდა. ეს იდეა ამ დრომდე არ განხორციელებულა.

ქუთაისის  ისტორიულ- ეთნოგრაფიული მუზეუმი 1922 წელს დაარსდა. მასში  150 000-ზე მეტი ექსპონატი ინახება.