მარანი, რომელიც ისტორიული ციხე-ქალაქის აღმოსავლეთ მხარეს შენდება, იმ სახლების ანალოგია, რომელიც სოფელ უფლისციხეში გასული საუკუნის 70-იან წლებამდე არსებობდა.
გორის სოფელი უფლისციხე (ძველი დასახლება) აღარ არსებობს და ის ნასოფლარია. ამ სოფელში მცხოვრებნი, მძიმე საცხოვრებელი პირობების გამო, 1960-იანი წლებში, მეზობელ სოფელ ქვახვრელში გადაასახლეს. თუმცა, ძველი ოდა სახლები 2000-იან წლებამდე იყო შემორჩენილი. მოუვლელობის გამო, ძველი სახლები მთლიანად დაიშალა.
გასულ 2018 წელს კი, უფლისციხის მუზეუმის დირექტორმა გვითხრა, რომ სულ მალე ძველი სახლების ანალოგი შენობა აშენდებოდა, რომელსაც მარნის ფუნქცია ექნებოდა. ეს ეთნოგრაფიული სახლი ამჟამად თითქმის დასრულებულია.
მისი ეზო ქვებითაა მოპირკეთებული, რომლის გარშემო ,,სალიზვარში” აღმოჩენილი ვაზი გაშენდება. ვაზი მუზეუმის გიდმა გიგუცა თათრიშვილმა წლების წინ ჯერ საკუთარ სახლში, სოფელ ქვახვრელში ახარა, შემდეგ მუზეუმში წაიყო. იმ ადგილს კი, სადაც კლდის ვაზი ხარობდა, ძველი უფლისციხელები ,,სალიზვარს” უწოდებდნენ.
არქეოლოგმა დავით ხახუტაშვილმა თავის ნაშრომში ,,უფლისციხე” სიტყვა ,,სალიზვარი” გაშიფრა და აღნიშნა, რომ ეს სახელი უკავშირდება სალი კლდის ვაზს.