ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ადრე თუ გვიან საქართველოში “ხუდონჰესის” პროექტი უნდა განხორციელდეს, მხოლოდ გარემოზე მინიმალური ზემოქმედების პირობებში.
ამის შესახებ დავით თვალაბეიშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ” კანონის პროექტი განიხილეს.
მთავრობის გეგმაში არსებულ მსხვილი ელექტროსადგურების პროექტებზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატებისთვის ქვეყანაში სარეზერვო სიმძლავრეების შექმნის აუცილებლობაზე განმარტება მოუწია.
“სამი დიდი ჰესის პროექტის შესაძლებლობა გვაქვს ქვეყანაში – ეს არის “ნენსკრა ჰესი”, “ნამახვანი”, ორივე პროექტი დაძრულია, მიმდინარეობს და სხვადასხვა ეტაპზეა მათი მშებებლობა და მესამე – “ხუდონის” პროექტი, რომელიც ჩვენ ადრე თუ გვიან უნდა დავძრათ, ოღონდ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ გავლენა სოციალური და გარემოზე ზეგავლენის კუთხით უნდა იყოს გამორიცხული. აი, ეს სამი პროექტი უნდა გაკეთდეს. ეს სამი ჰესი როცა აშენდება, მზის და ქარის სადგურების მეტი ინტეგრაციაც შეიძლება ქსელში და თავად ეს სამი პროექტი, ენერგეტიკულ სექტორში სიტუაციას შეცვლის”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ცნობისთვის: ამ ეტაპზე საქართველოს ელექტროსისტემას ქსელში მაქსიმუმ 350 მგვტ ჯამური დადგმული სიმძლავრის ქარის სადგურების და 130 მგვტ – მზის სადგურების ინტეგრირების საშუალება აქვს. ამაზე მეტი სიმძლავრის ქარისა და მზის სადგურების ასაშენებლად კი ქვეყანას სარეზერვო სიმძლავრეები სჭირდება, მაგალითად ჰესების სახით, რომლებიც ენერგიის შედარებით არამდგრადი წყაროსგან (ქარი და მზე) ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში, მიწოდებას დროულად აღადგენს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ახალი თავმჯდომარის, თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანის თქმით, თუ ჰესები არ აშენდება, ელექტროენერგია გაძვირდება.