გორის მუნიციპალიტეტის მერიის ტენდერი შპს “გიორგი ჯინო 1972- მა” გაასაჩივრა და უწყება კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულა. შესყიდვების სააგენტომ კომპანიის საჩივარი სრულად დააკმაყოფილა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში სასაფლაოს შემოღობვის სამუშაოებს. მერიამ თავდაპირველად ტენდერში გამარჯვებულად ინდივიდუალური მეწარმე ზებურ აბულაძე დაასახელა, თუმცა “გიორგი ჯინო 1972-ს” საჩივრის შემდეგ, მერიას გადაწყვეტილების გადახედვა მოუწია.
“მერიის გადაწყვეტილება სრულიად ეწინააღმდეგება კანონს, რაც ბადებს ეჭვს მივიჩნიოთ რომ აღნიშნული სატენდერო კომისია არის არაკვალიფიციური ან ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას, რაც კანონით აკრძალულია”, – აცხადებენ მომჩივანი კომპანიის ინტერესების დამცველები.
შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭომ აღნიშნული საკითხის განხილვის შემდეგ, საჩივრის დაკმაყოფილების გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მერია იძულებული გახდა, მიღებული გადაწყვეტილება გაეუქმებინა.
საბოლოოდ, მერიამ იმ კომპანიას, რომელიც მანამდე გამარჯვებულად გამოაცხადა, ტექნიკური დოკუმენტაციის გაუმართაობის გამო, დისკვალიფიკაცია მიანიჭა. ტენდერში შპს “ახალშენი 2005-მა’ გაიმარჯვა.
ცნობისთვის, გორის მერიას შვიდმა კომპანიამ უჩივლა.