თუ არ მონაწილეობ, არ გრძნობ პასუხისმგებლობას! თუ მონაწილეობ, სამყაროს შეცვლაც შეგიძლია!

1935

უცნაური ამბავი დაემართა მსოფლიო დემოკრატიას – არჩევითი ორგანოების, გამჭვირვალობის, ღია მმართველობისა თუ მაღალი სამოქალაქო კონტროლის მიუხედავად, ბოლო წლებია, მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება და ადამიანების გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართვა სულ უფრო პრობლემური ხდება.

არადა, თითქოს მზარდი დემოკრატიის პირობებში, პირველ რიგში, სწორედ მოქალაქეთა ინტერესების ადეკვატური ასახვა უნდა ხდებოდეს, მაგრამ ხშირად არჩევითი ორგანოები სხავადასხვა ბიზნეს-სტრუქტურისა თუ მსხვილი ლობისტური ჯგუფების გავლენის ქვეშ ექცევიან, ხდებიან მათი ინტერესების გამტარებლები და არჩევითი ორგანოები, საკუთარი პოლიტიკის ფორმირებისას, ნაკლებად ითვალისწინებენ მოსახლეობის სხვადასხვა ფენის, განსაკუთრებით კი, დაბალი შემოსავლების მქონე სოციალური ჯგუფების საჭიროებებს. ბუნებრივია, ამ ტენდენციამ ხელისუფლების ორგანოები კიდევ უფრო დააშორა მოსახლეობას და მათ შორის კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა წარმოშვა. ამის გამოა, რომ ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირები მოწყვეტილი არიან საზოგადოებას, ხოლო საზოგადოება ჩამოშორებულია ქვეყნის მართვის რეალურ პროცესს.

ეს განსაკუთრებულ პრობლემებს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ქმნის, არადა, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობაა მმართველობის ის დონე, სადაც მოქალაქეებს ყველაზე მეტად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში.

ამ ვითარების გამოსასწორებლად, თითქმის სამი ათეული წლის წინათ, მოქალაქეთა ქვეყნის მართვაში მონაწილეობის ახალი ფორმების ძიება დაიწყო. სწორედ ამ ახალ ფორმებს უნდა უზრუნველეყო ადამიანების ჩართულობის გაზრდა მათ წინაშე მდგარი ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში, რაც ხელს შეუწყობდა ხელისუფლებას, სამართლიანად განეკარგა საჯარო ფინანსები და გაეტარებინა  მოქალაქეთა  სხვადასხვა ჯგუფის საჭიროებების მოგვარებაზე ორიენტირებიული პოლიტიკა. ადამიანებს კი შესაძლებლობას მისცემდათ, მონაწილეობა მიეღოთ ბიუჯეტის დაგეგმვასა და ამით საკუთარი საცხოვრებელი გარემოს ფორმირებაში, რაც მთავარია, გაზრდიდა მათ სოციალურ პასუხისმგებლობას თავიანთი ქალაქების, დაბებისა თუ სოფლების წინაშე.

სწორედ ასე გაჩნდა მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეა, რომელსაც დღეს არაერთი დემოკრატიული ქვეყანა მოქალაქეთა მონაწილეობით ბიუჯეტის დაგეგმვის ყველაზე ეფექტურ ფორმად იყენებს.

პორტუ ალეგრი – ბრაზილიის მილიონნახევრიანი ქალაქი, რომელიც მოქალაქეთა მონაწილეობით სოციალურ უთანასწორობას შეებრძოლა

ბრაზილიის ქალაქი პორტუ ალეგრი, რომელშიც მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოში პირველი ქალაქია, სადაც 1992 წელს დაინერგა და დღემდე ეფექტურად ფუნქციონირებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების სისტემა.

1989 წელს, როდესაც ამ რეფორმის იდეა დაიბადა, პორტუ ალეგრი სოციალურად და ეკონომიკურად არათანაბრად ვითარდებოდა – თუ მოსახლეობის ერთი ნაწილი სიმდიდრესა და ფუფუნებაში ცხოვრობდა, ქალაქის მოსახლეობის ერთ მესამედს ბარაკებში, მძიმე სოციალურ პირობებში უწევდა ყოფნა, არ გააჩნდა წვდომა ისეთ მუნიციპალურ სერვისებზე, როგორიცაა წყალი, კანალიზაცია, სკოლა, სამედიცინო დაწესებულებები და სხვა. ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლება მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვას განიხილავდა, როგორც  ქალაქის  ცენტრსა და გარეუბნებს შორის არსებული უთანაბრობის დაძლევის ყოვლისმომცველი პროგრამის განუყოფელ ნაწილს. გარდა ამისა, მონაწილეობითი ბიუჯეტი უნდა ქცეულიყო მოსახლეობასთან კომუნიკაციის ახალ ინსტრუმენტად, რომელიც ხელისუფლების ორგანოების მიმართ ნდობას გააჩენდა.

გარდა კონკრეტული პრობლემების მოგვარებისა, ახალი პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ისიც იყო, რომ გაზრდილიყო მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობა – მათ უნდა დაეჯერებინათ, რომ თანამონაწილეობის გზით შეეძლოთ, მიეღწიათ სოციალური ცვლილებებისთვის.

რას მიაღწიეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა და მოსახლეობამ ერთობლივი მუშაობით? მაგალითად, 1988-დან 1997 წლამდე წყლისა და კანალიზაციის საკითხი შინამეურნეობების 75%-დან 98%-მდე მოგვარდა; 1986 წელთან შედარებით, 4-ჯერ გაიზარდა სკოლების რაოდენობა; თუ ქალაქის ბიუჯეტში განათლებისა და ჯანდაცვის წილი 1985 წელს 13% იყო, 1996 წელს ის თითქმის 40% გახდა;

რაც მთავარია, ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულებაში მოსახლეობის მონაწილეობამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ქვეყნის პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაზე, ხელი შეუწყო ბრაზილიაში აქტიური, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეების გაჩენას. დღეს პორტო ალეგრიში ბრაზილიის შტატების დედაქალაქებს შორის ცხოვრების დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როცა ინიციატივა არა დასჯადი, არამედ გადამდებია

პორტუ ალეგრის სოციალური რეფორმის იდეა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებისთვის სახელმძღვანელოდაც კი იქცა. ხელისუფლებებმა დაინახეს, რომ მოქალაქებთან სწორი კომუნიკაციითა და მათი საბიუჯეტო პროცესში რეალურად ჩართვით არა მხოლოდ კონკრეტული საკითხების მოგვარება და ამით კმაყოფილების დონის ამაღლება, არამედ მთლიანად სოციალური გარემოს შეცვლა იყო შესაძლებელი.

სწორედ ამიტომაც გახდა მონაწილეობითი ბიუჯეტის იდეა ასე გადამდები – მეოცე საუკუნის დასაწყისიდან ეს პროგრამა წარმატებით ხორციელდება როგორც განვითარებულ ქვეყნებში  –  აშშ-ში, ბელგიაში, იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, დანიაში, შვეიცარიაში, ჰოლანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და პოლონეთში, ისე აზიისა და აფრიკის განვითარებად სახელმწიფოებში, მაგალითად, კამერუნში, შრი ლანკასა და სხვა მსგავს ქვეყნებში.

დღეისათვის მონაწილეობითი ბიუჯეტირება 1500-ზე მეტ დასახლებაში – დიდ და პატარა ქალაქებში, თემებსა და მცირე სოფლებშია დანერგილი.

და მაინც, რა არის მონაწილეობითი ბიუჯეტი და რას იღებს თვითმმართველობა ან მოქალაქე ამ პროგრამისგან?

მონაწილეობითი, იგივე სამოქალაქო ბიუჯეტი არის კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ მოქალაქეებმა საკუთარი პასუხისმგებლობით გადაწყვიტონ, თუ რაში დაიხარჯოს მუნიციპალური სახსრები – ისინი თავად ადგენენ პრიორიტეტებს, წერენ პროექტებს, ატარებენ ამ პროექტების მხარდამჭერ კამპანიებს, იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი პროექტი განხორციელდეს და აკონტროლებენ ადგილობრივ თვითმმართველობას, რომ მათ მიერ შერჩეული პროექტები ხარისხიანად შეასრულოს.

ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ ამ პროცესში ადამიანები, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, მასობრივად ჩაერთვებიან, თუმცა, თუ, მაგალითად, პორტუ ალეგრიში პროგრამის დაწყებისას სულ რაღაც 1000 ადამიანი მონაწილეობდა, რამდენიმე წლის შემდეგ ეს რიცხვი 50 ათასამდე გაიზარდა.

რას აძლევს ეს პროცესი ადგილობრივ თვითმმართველობას? პირველ რიგში, იმას, რომ მოქალაქეთა მონაწილეობით საბიუჯეტო სახსრების განკარგვა მას აძლევს შესაძლებლობას, მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციით, უკეთ გაიგოს მოსახლეობის საჭიროებები და ამ საჭიროებების გათვალისწინებით, ეფექტიანად მართოს მუნიციპალური ბიუჯეტი, მოიპოვოს საკუთარი მოსახლეობის ნდობა და გაზარდოს ავტორიტეტი.

რას აძლევს ეს პროცესი სახელმწიფოს? მუნიციპალიტეტის დონეზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თი ბიუჯეტირე­ბის პროცესი წარმოადგენს კარგი მმართველობის განხორციელების ერთ-ერთ ინოვაციურ მოდელს, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას.

ამ პროცესიდან ყველაზე მთავარ სარგებელს კი მოსახლეობა იღებს, ვინაიდან ბიუჯეტის დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართვით, პირველ რიგში, სწორედ მათი იდეებისა და ინიციატივების განხორციელება ხდება. ეს პროცესი ადამიანებში აჩენს რწმენას, რომ ისინი მართლაც არიან ჩართული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, უჩნდებათ უფრო მეტად პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საჯარო საკითხების მიმართ და სწამთ, რომ, თუ ამ პროცესში მონაწილეობ, არათუ საკუთარი სოფლისა თუ ქალაქის ყოფის, თუ მოინდომებ, სამყაროს შეცვლაც კი შეგიძლია.

 

წინამდებარე სტატია მომზადებულია გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში“ ფარგლებში. GIZ არ იღებს პასუხისმგებლობას სტატიების შინაარსობრივ სისწორესა და ავტორთა მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე.