მთავრობამ აბასთუმნის ცაზე საჰაერო მარშრუტების კორექტირებას მხარი დაუჭირა

727

დღეს, 17 ოქტომბერს მთავრობამ მხარი დაუჭირა აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე ფრენების დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალის შექმნას. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც ყველაზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და ასობით სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და მთელი იდეა მისი განთავსების 100 წლის წინ სწორედ აბასთუმანში იყო ის, რომ იქ არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო თავისი სისუფთავით იძლევა საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც მოგვმართა აბასთმუნის ობსერვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება საჰაერო მარშრუტების (და აქ არის საუბარი არანარი საერთაშორისო საჰაერო მარშრუტებზე) და იმდაგვარად, რომ დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო თან იმდაგვარად, რომ არცერთი თეთრი რა იკარგება ამით და არანაირი ზარალი არ ადგება, არცერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან, რა საკვირველია, ამას დავუჭირეთ მხარი”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს ობსერვატორიამ მიმართა.

“დაახლოებით, ორი კვირის წინ მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს. საჰაერო ფრენები დაკვირვებაში გვიშლის ხელს… თვითმფრინავები კვალს ტოვებენ, რაც ჩვენი საქმიანობისთვის კარგი არ არის”, – განაცხადა ობსერვატორიის დირექტორმა მაია თოდუამ.