“მარტვილის კანიონის განვითარების პროექტს” განსაკუთრებული მნიშვნელობის, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და ინსპირაციის გაზრდაში შეტანილი წვლილის გამო, ევროსაბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ჯილდო მიენიჭა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების ადმინისტრაციის დირექტორმ ზაზა გაგუას ინფორმაციით, ჯილდოზე წარდგენილი იყო ევროპის არაერთი ქვეყნის პროექტი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა, მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა და სხვა.
“4 წლის წინ დავიწყეთ მარტვილის კანიონის აღდგენა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ერთი შეხედვით კანიონის ეფექტი მასიური ტურიზმი გეგონებათ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიღწევა თევზის და წავის აღდგენილი პოპულაციებია, რომელთან ერთადაც კანიონში ადგილობრივი ლანდშაფტისთვის დამახასიათებელი არაერთი სახეობა გამოჩნდა. თან ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით განვახორციელეთ… ეს ყველაფერი დაუღალავი შრომის და უკომპრომისო ბრძოლის შედეგია და დიდი მადლობა თითოეულ თანამშრომელს ამისთვის“, – აცხადებს ზაზა გაგუა.