სუსი: რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანისა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ

705

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ პროვოკაციულ ქმედებებს აგრძელებენ.

სუს-ში განმარტავენ, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი არ მიმდინარეობს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალები ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩორჩანასა და წაღვლის მიმდებარედ აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესში გამოიხატება.

უშუალოდ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყობის ტერიტორიაზე უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი არ მიმდინარეობს.

რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“ და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს სუს-ში.

მანამდე მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ „ფეისბუკის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სოფელ ყობის მიმართულებით დაიძრნენ.

„ოკუპანტები დაიძრნენ ყობისკენ, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით დღეს, დღის ბოლომდე ყობი მოექცევა საოკუპაციო ხაზის შიგნით. გენადი ბოსიკოვი, ხაშურის რაიონის სოფელ ყობის ერთადერთი და უკანასკნელი მაცხოვრებელი გადაიქცევა ორკების მძევლად, ან ახალ დევნილად“, – დაწერა დავით ქაცარავამ “ფეისბუქში”.

ასევე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლმა ვაჟა ლომიძემ განაცხადა, რომ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების – ჩორჩანას და ყობის განაპირას საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ე.წ. ბორდერიზაციის სამუშაოებს აწარმოებენ.

ლომიძემ თქვა, რომ აღნიშნული ადგილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა, მოსახლეობა 2008 წლის ომის შემდეგ ამ ადგილებში გადაადგილებისგან თავს იკავებს.

ყობის ერთადერთი მოსახლე, 65 წლის გენადი ბოსიკოვი “ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ სამუშაოები, ძირითადად, სოფელ ყობის სიახლოვეს, მდინარე ლოპანის ნაპირზე მიმდინარეობს.

„სოფელს გასცდნენ, ახალი სამუშაოები, რასაც რუსული ჯარის წარმომადგენლები აწარმოებენ, ჩვენ ოჯახს არ შეხებია, ანუ კვლავ საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, არც ჩემი ნაკვეთები მოყოლილა იქით. მდინარე ლოპანის ნაპირზე არიან, ახლა გაღმა გადავიდნენ. არ ჩავდივარ ქვემოთ და შესაბამისად, არ ვიცი, რით ღობავენ ან საერთოდ, რა სამუშაოებს აწარმოებენ. ადრე ვიყავი დაკავებული და ახლა საერთოდ ვერიდები, ისედაც ძალიან რთული გასაძლებია ამდენი დღის განმავლობაში ტექნიკის მოძრაობის ატანა. მაგ ტერიტორიაზე მას შემდეგ აღარ ვმოძრაობთ, რაც ომის შემდეგ რუსული ჯარი გადაადგილდება, მანამდე კი, დავდიოდით“, – განაცხადა გენადი ბოსიკოვმა.