“პატრიოტთა ალიანსმა”, შესაძლოა, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, მერობის საერთო კანდიდატი წარადგინოს, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.
ირმა ინაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ დასახელებული კანდიდატი, შესაძლოა, არა მათი, არამედ სხვა პარტიის წარმომადგენელი იყოს.
“ჩვენ გვყავს თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ ამის მიუხედავად, მზად ვართ, გავითვალისწინოთ ის წინადადებები, ინიციატივები, რასაც ოპოზიციური პარტიები გვთავაზობენ. მაგალითად, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ იმაზე, ოპოზიციურ პარტიებს გვეყოლება თუ არა საერთო კანდიდატი. შესაძლოა, ეს კანდიდატი იყოს ჩვენი წარმომადგენელი და ოპოზიციურმა პარტიებმა მას დაუჭირონ მხარი, შესაძლოა, იყოს ნეიტრალური კანდიდატი, შესაძლოა, იყოს სხვა პარტიის კანდიდატი”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, “პატრიოტთა ალიანსისა” და “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლებმა დღეს შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კახა კუკავამ განაცხადა, რომ მიმდინარე და მომდევნო კვირაში მერობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები ყველა ძირითად ოპოზიციურ პარტიასთან გაიმართება.
“თუ მოვახერხებთ, ერთობლივად გვინდა, ქალაქს წარვუდგინოთ კანდიდატი, რომელიც თბილისის პრობლემებს მოაგვარებს. ქალაქს სჭირდება მერი, რომელიც იზრუნებს არა საკუთარი პარტიის ინტერესებზე, არამედ საცობებზე, მახინჯ მშენებლობებზე, ეკოლოგიაზე”, – განაცხადა კახა კუკავამ.
წყარო: 1tv.ge