შორაპნის ციხე-სიმაგრეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ზესტაფონის მერის ცნობით, შემუშავებულია ტერიტორიის აღდგენისა და განვითარების კონცეფცია, პროექტის ფარგლებში გამაგრდება ციხის გალავანი, მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება მუზეუმები და აღდგება შუა საუკუნეების გვირაბი.
მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება საცხოვრებელი სახლების რესტავრაციაც, ასევე მოეწყობა თანამედროვე ინფრასტრუქტურა.
პროექტის განხორციელების შედეგად შორაპანი ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო გახდება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტირების პროცესი სავარაუდოდ, 2020 წლის ბოლოდან დაიწყება.