თბილისში გროზნოს ქუჩაზე ახალი სკვერი გაიხსნა

854

ჩუღურეთის რაიონშ, გროზნოს ქუჩაზე, 3 200 კვადრატულ მეტრზე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყო.

“აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც ნაგავსაყრელად იყო ქცეული, საბავშვო ზონა, სპორტული მოედანი, გარეგანათების სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყო. გარდა ამისა, განთავსდა სკამები, ტრიბუნები და საჩრდილობლები. ტერიტორია აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით”, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე უსაფრთხოების მოაჯირით შემოიფარგლა, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და მოიხატა სკვერში არსებული კედლები.

“კედლის მოხატვის ბოლო ეტაპის სამუშაოებში მონაწილეობა პროფესიონალ მხატვრებთან ერთად, მოწვეულმა სტუმრებმაც მიიღეს”, – ამბობენ მერიაში.

ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, სამუშაოები შპს „არბამ“ შეასრულა. პროექტის ღირებულებამ 503 330 ლარი შეადგინა.

როგორც მერიაში განმარტეს, სკვერის გახსნასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იყო საბავშვო გასართობი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ბავშვებისთვის საპნის ბუშტების, აზოტისა და ცეცხლოვანი შოუ მოეწყო. ასევე, გაიმართა თბილისის მერიის “ბიგ ბენდის“ კონცერტი. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

“აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო და დღეს ნახეთ როგორი ლამაზი პროექტი გამოვიდა თავისი საფეხბურთო მოედნით, დასასვენებელი ადგილებით, ახალი გამწვანებით და ხე-ნარგავებით. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი, ჩვენი მიდგომაა, რომ ყველა რაიონში, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შევქნათ“,- განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ რეაბილიტირებული სკვერის საზეიმო გახსნაზე.