ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში, ერთი კვირაა წყალი არ არის. ადგილობრივები წყალს ჭიდან იღებენ, სასმელს კი ყიდულობენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
პრობლემა ახალი არ არის, სასმელი წყალი მათ ხშირად, რამდენიმე დღის განმავლობაში, პერიოდულად არ მიეწოდებათ, თუმცა ბოლო ერთი კვირა სოფელში წყალი საერთოდ არ მოსულა.
”შვიდი დღეა სოფელში წყალი არ გვაქვს, რომ ვიკითხეთ რატომ, გვითხრეს ნაწილი არის დაზიანებულიო და ველოდებით ახლის ჩამოტანას თბილისიდანო. ჩამოიტანეს, დაამონტაჟეს და აღმოჩნდა, რომ ახლა სხვა დეტალია დაზიანებული, სალნიკებმა გაუშვაო.. მთელი სოფელი შევიკრიბებით და ჩავალთ ქობულეთის გამგეობასთან. გავმართავთ აქციებს. მთავრობაა დამნაშავე”, – აცხადებს ადგილობრივი.
წყლის პრობლემის გამო, ცეცხლაურის ბაღში სააღმზრდელო პროცესიც შეწყდა. ადგილობრივები ამბობენ, სოფელში გაუსაძლისი მდგომარეობაა.
”საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი სამი დღე არ ჩატარებულა, მშობლემბა პატარები ბაღში მიიყვანეს და აღმზრდელებმა უკან გამოატანეს წყალი არ გვაქვსო. როგორ შეიძლება ბაღს არ მიეწოდებოდეს სასმელი წყალი” – უყვება აჭარის მაუწყებელს სოფელ ცეცხლაურის მკვიდრი.
ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში განაცხადეს, რომ ბაღში სასწავლო პროცესი ხვალიდან განახლდება.
სოფლის წყლის ხელმძღვანელის თქმით, ცეცხლაურს დღის ბოლოს ჩაურთავენ წყალს.
”დღეს შეკეთდა სათავე ნაგებობაზე ტუმბოო და საღამოს უკვე ოჯახებში იქნება წყალი” – ამბობს სულიკო თხილაიშვილი სოფლის წყლის ხელმძღვანელი.