ქუთაისში, 2020 წლიდან, შშმ პირებისათვის ახალი პროგრამების ამოქმედება იგეგმება

679

ქუთაისში 2020 წლიდან შშმ პირთა უფლებების დაცვის მიზნით ახალი პროგრამები დაინერგება, რომლითაც 18 წელს ზემოთ შშმ პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფა მოხდება.

ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შშმ პირთა უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის საბჭოს სხდომაზე განაცხადეს,  რომელსაც ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.

მერიის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტში, შშმ პირთა უფლებების დაცვის კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით, დაინერგება ახალი პროგრამები, მოხდება 18 წელს ზემოთ შშმ პირების პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფა. შშმ პირებისთვის მომზადდება პერსონალური ასისტენტები და მათი პირადი საცხოვრებელი ფართის ინდივიდუალური ადაპტირების პროცესიც დაიწყება. დაფინანსდება მექანიკური ეტლ-სავარძლების მორგებისა და შეკეთების სერვისის პროგრამა. მიმდინარეობს მუშაობა პარა-სპორტის განვითარების პროგრამაზე.

18 წელს ზემოთ შშმ პირებისთვის წარმოდგენილი იქნა „ფიზიკური აქტივობისა და რეაბილიტაციის პროექტი“.

სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს მომავალი წლის ბიუჯეტიდან უსინათლო პირებისთვის ფულადი კომპენსაციის გამოყოფასა და მათთვის ადაპტირებული სამედიცინო ხელსაწყოების გადაცემაზე.