გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის შექმნა იგეგმება. ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.
„სამუშაო შეხვედრა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთან და მხარის გუბერნატორთან, ჩოხატაურის მერიაში გაიმართა და მას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, მოადგილე თომა დეკანოიძესთან ერთად დაესწრო.
შეხვედრაზე ეროვნული პარკის შექმნის მიზნებზე ისაუბრეს. უახლოეს მომავალში დაიწყება წინა საპროექტო კვლევები და მოხდება იმ ტერიტორიების იდენტიფიცირება, სადაც შემდგომ ეროვნული პარკი შეიქმნება. წინასწარი ინფორმაციით, შესწავლის პროცესი 2021 წლამდე დამთავრდება.
გურიის ეროვნული პარკის შექმნის პროცესი ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით მიმდინარეობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.