განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში სავალდებულო გავხადეთ ნარჩენების კონტეინერებისთვის ადგილების გამოყოფა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სიახლე ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის და ასევე, „თბილსერვის ჯგუფისთვის“.
„ცოტა ხნის წინ ჩვენ განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში, სავალდებულო გავხადეთ ნარჩენების კონტეინერებისთვის ადგილების გამოყოფა. განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავება როდესაც ხდებოდა, არ იყო გათვალისწინებული, თუ სად და როგორ უნდა განთავსებულიყო ნარჩენების ურნები, ეს გარკვეულ პრობლემებს წარმოადგენდა. იმიტომ, რომ შემდეგ როდესაც პროექტი დამთავრდებოდა „თბილსერვის ჯგუფს“ უწევდა ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია. ეს მთლად დადებითი კომუნიკაცია არ იყო, ხშირად იყო ჩხუბი, სად უნდა განთავსებულიყო ნაგვის ურნები, რომ იქ მცხოვრებ ადამიანებს ნარჩენები სადმე ხომ უნდა გადაეყარათ?! ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდესაც მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, პროექტშივე აისახოს ეს ყველაფერი, სად უნდა განთავსდეს და როგორი უნდა იყოს ეს პროექტი. პროექტის დონეზე უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. იქ მცხოვრებ ადამიანებსაც გაუადვილდებათ ცხოვრება და რა თქმა უნდა, „თბილსერვისს“, როდესაც გაუწევს მომსახურებას იქ მცხოვრებლებს“, – აღნიშნა კალაძემ.