საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში, სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული, პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.2 მილიონი ლარია.
პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას. ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას. პროექტის დასრულების შემდეგ კი სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემებრში დაიწყო და 2020 წლის მარტში დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია მშენებელ კომპანიასთან და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენელთან ერთად ადგილზე გაეცნო.