2020 წლიდან ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მონაწილეობით ბიუჯეტირებაში ჩართვა შეეძლება. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამას ქედის მერია მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყებს და ამისათვის 300 ათას ლარს გამოყოფს. შესაბამისად, ათივე ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, თავად შეიმუშაოს და წარუდგინოს მერიას ის პროექტები, რომლის განხორციელებაც მნიშვნელოვნად მიაჩნია.
პროგრამის ამოქმედებამდე ქედის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს საჯარო მოხელეებმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შესაბამისი ტრენინგი გაიარეს, ხოლო მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, გერმანიაში საინფორმაციო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობითი ბიუჯეტირების მიმართულებით გერმანიისა და პოლონეთის გამოცდილებას გაეცნო.
პროექტი ,,მოქალაქეთა თანამონაწილეობა ბიუჯეტირების პროცესში”, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) მხარდაჭერით, ქედის მუნიციპალიტეტის გარდა, საქართველოს კიდევ 9 მუნიციპალიტეტში – რუსთავში, ხაშურში, ონში, ზესტაფონში, ლანჩხუთში, ახალქალაქში, მცხეთაში, ლაგოდეხსა და ფოთში მიმდინარეობს. მათგან კიდევ სამმა – რუსთავის, ლანჩხუთისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა მონაწილეობითი ბიუჯეტის მომდევნო წლიდან დანერგვის სურვილი უკვე გამოთქვეს.