თბილისში ჭიაურელის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოსაწყობად ნახევარ მილიონზე მეტი იხარჯება

597

დიდუბის რაონში ჭიაურელის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივნიდან ჭიაურელის ქუჩის გავლით, 1 255 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოეწყობა, რომელიც ბელიაშვილის ქუჩაზე მთავარ კოლექტორზე დაერთდება. ასევე, მოეწყობა 36 ცხაური და 14 გვერდმიმღები, გარდა ამისა, დამონტაჟდება სათვალთვალო და სანიაღვრე ჭები.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ენ ეს გრუპი“ ახორციელებს. პროექტზე კი, დაახლოებით, 600 000 ლარი იხარჯება.

“დიდუბის გამგეობა მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ეს კერძო დასახლებებაა და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციები სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. საკანალიზაციო და სანიაღვრე ქსელები ერთმანეთში იყო არეული და წვიმის დროს სახლებში იქმნებოდა პრობლემები. პროექტის დასრულების შემდეგ, ეს საკითხი სრულად მოგვარდება“, – განაცხადა კახა კალაძემ სამუშაოების დათვალიერებისას.

სანიაღვრე ქსელის მოწყობის შემდეგ, დიდუბის რაიონის გამგეობა ქუჩაზე ასფალტის ახალ
საფარს დააგებს.