თბილისის ოთხ ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება კვლავ გადაიწევს

557

თბილისის 4 ბაღში სააღმზრდელო პროცესის დაწყება კვლავ გადაიწევს. ამის შესახებ ამბები.გე-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების უმეტეს ნაწილში სააღმზრდელო წელი 16 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, რამდენიმე ბაღში სწავლის დაწყება ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სარებილიტაციო სამუშაოების გამო ოქტომბრამდე გადადო.

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, თბილისის ოთხ საბავშვო ბაგა-ბაღში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება და ამ დრომდე მიმდინარეობს ავარიული შენობების გამაგრება-რეკონსტრუქცია, ასევე სარემონტო სამუშაოები.

“მე-12 ბაღის შენობა, რომელიც იყო უმძიმეს მდგომარეობაში სრულად გარემონტდა და სააღმზრდელო პროცესი 15 ოქტომბერს განახლდება. 144-ე ბაგა-ბაღში შენობის სრული გამაგრება-რეკონსტრუქცია, ეზოს კეთილმოწყობა და შიდა რემონტი მიმდინარეობს, დაწესებულება აღსაზრდელების მისაღებად 28 ოქტომბერს იქნება მზად. რაც შეეხება 126-ე ბაგა-ბაღს, იქაც სარემონტო სამუშაოებია და პირველ ნოემბერს იგეგმება სწავლის დაწყება. კიდევ ერთ, მე-200 ბაგა-ბაღთან დაკავშირებით კი, რომელზეც ერთ-ერთმა მშობელმა უკმაყოფილება სოციალურ ქსელში გამოთქვა, ამ ბაღში აუცილებელი გახდა ავარიული კედლების გამაგრება. გუდიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო, შენობის მდგომარეობა რეკონსტრუქციის პროცესში კიდევ უფრო გართულდა, შესაბამისად, საჭირო გახდა დამატებითი სამუშაოების ჩატარება. სააღმზრდელო პროცესის განახლება მე-200 ბაღში იგეგმება 11 ნოემბერს.

აქვე დავძენთ, რომ სააგენტო ითვალისწინებს მშობელთა მდგომარეობას და სთავაზობს მათ აღსაზრდელების რეგისტრაციას დროებით, ახლომდებარე ბაღებში”, – აცხადებენ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.