ოთარ დანელიას შენიშვნების შემდეგ, მთავრობა სოფლის მეურნეობის ბიუჯეტის განახლებას გეგმავს

616

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით აგრარულ საკითხთა კომიტეტს განახლებულ მონაცემებს წარუდგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს მედია ავრცელებს.

„თითოეული სამინისტრო უფრო მეტს ითხოვს, იმიტომ რომ სამინისტროს ჭრილში პრიორიტეტი სხვა რა არის, თუმცა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მთავრობაზე, ეს არის ერთიანი გუნდი და ჩვენ გვაქვს გუნდში იმის საშუალება, რომ შევაჯეროთ პოზიციები, განვსაზღვროთ პრიორიტეტები და შეჯერებული პოზიციით წარვსდგეთ საზოგადოებასთან და ამ შემთხვევაში პარლამენტთან.

ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის ფინანსთა სამინისტროსთან. ჩვენი მოთხოვნები ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე დღევანდელი ვერსიით ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული დაფინანსებაა და ეს იცის აგრარულმა კომიტეტმა, თუმცა აქაც აგრარულ კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ფინანსთა სამინისტროსთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ გარკვეული პრიორიტეტების შიდა გადანაწილება მოხდეს იმისათვის, რომ განახლებული ვერსია წარვუდგინოთ აგრარულ კომიტეტს და იმედი მაქვს, რომ აგრარული კომიტეტის მხარდაჭერა გვქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით არსებული შენიშვნების გამო, დოკუმენტის განხილვა და კენჭისყრა გადადო. დანელია მიიჩნევს, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამებში მთავრობას უფრო მეტი დაფინანსება უნდა გაეთვალისწინებინა, ვიდრე დღეს არის ასახული.

ცნობისთვის: მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება დაახლოებით 15 მილიონი ლარი იზრდება და 353 მლნ-ს შეადგენს.