გორის მუნიციპალიტეტში დეგრადირებული სასოფლო მიწის აღდგენის ხელშეწყობის პროექტი დაიწყო

606

გორის მუნიციპალიტეტში, 102 ჰა დეგრადირებული სასოფლო მიწის აღდგენის ხელშესაწყობად სამწლიანი პროექტი “ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“ დაიწყო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

გორის მერიაში მიწის ნეიტრალური ბალანსის მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ფარგლებში იგეგმება მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნის მისაღწევად ხელსაყრელი გარემოს შექმნა მუნიციპალურ დონეზე.

შეხვედრაზე პროექტის ჯგუფმა განსახილველად წარმოადგინა თესლბრუნვის საპილოტე პროექტის ჩართვაში დაინტერესებული 9 ფერმერის განაცხადი.

სამუშაო ჯგუფმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ წინადადებებს, რომელიც საერთო ჯამში მოიცავდა 102 ჰექტარზე თესლბრუნვის დანერგვის ხელშეწყობის ღონისძიებებს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

საპილოტე პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის და (UN Environment) და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მიერ.