რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

1090

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ბიუჯეტი სწორად არის ფორმირებული და საჭიროებებზე მორგებული.

„ბიუჯეტში არის მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები, რომელიც სოციალური, ჯანდაცვის, განათლების თვალსაზრისით არის მოთხოვნადი და იყო და რჩება ჩვენი საზოგადოების დაკვეთად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით ბიუჯეტი სწორად არის ფორმირებული. ცხადია ჩვენ მუხლების და მიმართულებების თვალსაზრისით შეგვიძლია ვიდებატოთ, ვიკამათოთ, ვიმსჯელოთ, მიგვაჩნდეს, რომ ციფრები განსხვავებული უნდა იყოს, მაგრამ მთლიანობაში დოკუმენტი არის მორგებული საჭიროებებს, იმ დაკვეთას რომელიც ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს, როგორც ხელისუფლებას საზოგადოებისგან გვაქვს“, – განცხადა ზაზა გაბუნიამ.

მომხსენებელმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მთლიანად ემსახურება სამთავრობო პროგრამის შესრულებას, შენარჩუნებულია ეკონომიკური სტაბილურობისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პარამეტრი და ამავდროულად მაქსიმალურად არის ორიენტირებული მოქალაქეებზე, რაც იმაში გამოიხატება, რომ უმჯობესდება სოციალური სისტემა, ეტაპობრივად იზრდება პენსიები; პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარება და სოფლის ექიმის ინსტიტუტი მოექცევა ერთი მენეჯმენტის ქვეშ. 2020 წლის განათლების სისტემაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 1.8 მლრდ ლარზე მეტი. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან მოხდა ხელფასების მატება და 2020 წლის სასწავლო წლის დაწყებისას კიდევ მოემატებათ მასწავლებლებს ანაზღაურება. 100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ანაზღაურება. 2020 წელს ხელფასები გაეზრდებათ ჯარისკაცებს, მეხანძრე მაშველებს, პოლიციელებს და მათთან გათანაბრებულ პირებს. ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 280.0 მლნ ლარზე მეტი. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მომხსენებლის თქმით, ამ მიმართულებით მიიმართება 3.7 მლრდ ლარზე მეტი. აქედან – მუნიციპალური ინფრასტრუქტურა – 1.2 მლრდ ლარი; ჩქაროსნული მაგისტრალები – 695.0 მლნ ლარი; შიდა გზები – 501.0 მლნ ლარი; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა – 280.0 მლნ ლარი; წყლის ინფრასტრუქტურა – 256.0 მლნ ლარი; მუნიციპალური ტრანსპორტი – 140.0 მლნ ლარი; ენერგო ინფრასტრუქტურა – 116.0 მლნ ლარი; დევნილთა სახლების მშენებლობა-შესყიდვა – 112.0 მლნ ლარი;

წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 5.0 %-ით არის განსაზღვრული. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განახლებული პროგნოზიდან გაანგარიშებით შეადგენს 12 130,0 მლნ ლარს. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შემცირებების ტენდენცია შეადგენს მშპ-ს 23.2%-ს.

კომიტეტის ინტერესიდან გამომდინარე მომხსენებელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილ ასიგნებებზე. კერძოდ ამ უწყებისთვის გამოყოფილია 2 071.6 მლნ ლარი, რაც 71.6 მლნ ლარით აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს. აქედან საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის – 1 315.2 მლნ ლარზე მეტი. ხოლო რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262.1 მლნ ლარი.

„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების თანახმად მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდისათვის გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.

ამ და ბიუჯეტის სხვა პარამეტრების შესახებ დეტალურად ისაუბრა მომხსენებელმა, გიორგი კაკაურიძემ, მან ასევე უპასუხა დეპუტატების და სახვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეკითხვებს.

კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს.

სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განმარტა, რომ კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია სსიპ – ტექნოლოგიური ინსტიტუტის დასახელების შეცვლით, რომლის თანახმად, აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწოდება სსიპ – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კანონპროექტში ასევე დაზუსტებულია, რომ აღნიშნული უნივერსიტეტი საბაკალავრო პროგრამებსაც განახორციელებს.

წარმოდგენილი ცვლილებიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის კანონებში: „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“, და „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკანონმდებლო ცვლილებას.