მუშთაიდის ბაღში ფეხბურთის სპორტული ცენტრის სარეაბილიტაციოდ ნახევარ მილიონ ლარამდე დაიხარჯება

1346

თბილისის მერია ფეხბურთის სპორტული ცენტრის – “იმედის“ სარემონტო სამუშაოებს იწყებს, -ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მერის განცხადებით, ობიექტის რეაბილიტაცია 15 ნოემბრიდან დაიწყება და 2020 წლის თებერვლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ღირებულება კი ნახევარი მილიონი ლარია.

“ჩვენ ვგეგმავთ თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრის – “იმედის“ სარემონტო სამუშაოებს, რომელიც მუშტაიდის ბაღში მდებარეობს. საკმაოდ დიდი ინფრასტრუქტურაა, ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ცენტრით. იქ არის საცურაო აუზი და საფეხბურთო მოედანი. მისი მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელოა, ამიტომ, გადავწყვიტეთ, ამ ობიექტის სრული რეაბილიტაცია განვახორციელოთ. განახლდება საფეხბურთო მოედანი, საცურაო აუზი, მოეწყობა საშხაპეები და გასახდელი ოთახები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ქალაქში მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია გამგეობებთან ერთად ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა რაიონში რაც შეიძლება მეტი სპორტული ობიექტი გაჩნდეს.

“ეს შეიძლება იყოს საფეხბურთო, საკალათბურთო მოედნები, საცურაო აუზები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ თავის რაიონში იყოს ასეთი ობიექტები. გარდა ამისა, ჩვენ მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობას ძალიან მალე ორ კონკრეტულ რაიონში წამოვიწყებთ. კერძოდ, დიდ დიღომსა და ვარკეთილში. გვსურს, ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება იყოს ყველა რაიონში – მოეწყოს მულტიფუნქციური კომპლექსები, სადაც საფეხბურთო, საკალათბურთო, სატრენაჟორო, ჭიდაობის დარბაზები, ასევე, ბიბლიოთეკა და კაფე იქნება.

თბილისის მერის თქმით, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, თუ რომელი კომპანია შეასრულებს ამ პროექტებს.