“მეტროს ისეთი ვაგონებიც გვაქვს, რომლებიც არ ექვემდებარება რეაბილიტაციას და საჭიროა ახალი ვაგონების შესყიდვა. ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში იქნება შესყიდვა 40 შემადგენლობაზე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლოვაში უნდა იყოს მოწოდებული”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მწვანე ავტობუსების პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, „საუკეთესო პროექტები უნდა განვახორციელოთ ისე, რომ თავზე ჭერი არ ჩამოგვენგრეს”.
„ჩვენ მოსახლეობას წარვუდგინეთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით, რომ ეს სფერო იყოს მოწესრიგებული. არსებული ყვითელი ავტობუსების პარკს, რომელიც ქალაქს გააჩნია, უკვე ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული. არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და გადაწყვეტილი გვაქვს მთლიანად პარკის ჩანაცვლება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და 2020 წლის პირველი კვარტლისთვის უკვე მთლიანად იქნება მოგვარებული. გარდა ამისა, დაწყებული გვაქვს მეტროს მოწესრიგება, ეს არის როგორც შემადგენლობების, ისეთი სამგზავრო ვაგონების რეაბილიტაცია, რომელიც ექვემდებარება რეაბილიტაციას, იმიტომ, რომ არის ისეთი ვაგონები, რომლებიც არ ექვემდებარება და საჭიროა, ახალი ვაგონების შესყიდვა. ამაზე ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში იქნება შესყიდვა 40 შემადგენლობაზე, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა იყოს მოწოდებული.
ასევე მნიშვნელოვანია სადგურების რეაბილიტაციის პროექტი, რომელზეც მიდის მუშაობა. გვინდა მართლაც საუკეთესო პროექტები განვახორცილოთ ისე, რომ თავზე ჭერი არ ჩამოგვენგრეს. სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ეს არის ზონალური საათობრივი პარკირების პროექტი, რომელიც წამოვიწყეთ და საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. ასევე არის ტაქსის რეფორმა, რომელიც ასევე წარმატებულად დაიწყო და ეს ყველაფერი საერთო ჯამში, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ტრანსპორტი ქალაქში იყოს მოწესრიგებული. ახალი ავტობუსები კი ხვალიდან უკვე მოემსახურება თბილისის მოსახლეობას”, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.