კალაძე: პირობა დავდე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და ამას შევძლებთ

892

“მე პირობა დავდე, რომ ჩვენი საზოგადოებრივი ტრანსპორტი თავისი ინფრასტრუქტურით იქნება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო და ჩვენ ამას შევძლებთ. ამას იმიტომ ვამბობ ასე ამაყად, რომ ზურგს უკან მიდგას გუნდი და მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე ახალი ავტობუსების პრეზენტაციისას განაცხადა.

კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყვითელი ავტობუსები უმძიმეს მდგომარეობაშია და ყველა რესურსი ამოწურული აქვს.

„ჩვენი პირველი ამოცანაა, რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მეტროში განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები, იქაც არ გვაქვს კარგად საქმე. გვინდა განვაახლოთ მეტროსადგურები და შევიძინოთ ახალი შემადგენლობები. დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელები ტაქსების მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელება პარკირების მიმართულებით. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ზოგადად ტრანსპორტი ქალაქში მოწესრიგებული იყოს. მინდა მთავრობას მადლობა გადავუხადო რეფორმებში მხარდაჭერისთვის“, -განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსიდან, რომელიც უკვე შესყიდულია, 60 უკვე თბილისშია და ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება.