გორში სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით “კომუნისტები“ პერმანენტულ აქციებს იწყებენ. “ერთიანი კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალეკო ლურსმანაშვილის განცხადებით, პირველი აქცია სტალინის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 ოქტომბერს გაიმართება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“აქციები სისტემატურ სახეს მიიღებს. ამ ეტაპზე ორი ორგანიზაცია ჩავერთვებით – “ერთიანი კომუნისტური პარტია“ და “მეგობრობა და სამართლიანობა“. ინიციატივა სწორედ ამ უკანასკნელს ეკუთვნის. აქციების გამართვა გორში იგეგმება, თუმცა, თუ სხვა ქალაქებიდანაც გამოთქვამენ სურვილს სტალინის ძეგლის დადგმის ინიციატივის მხარდამჭერები, გამორიცხული არ არის, აქციები სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაიმართოს. ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, ძეგლი დაბრუნდეს მის პირვანდელ ადგილზე – გორის ცენტრალურ მოედანზე, მაგრამ ეს ძალზე რთულად მისაღწევია და ამიტომ, როგორც მინიმუმ, სტალინის ძეგლი უნდა დაიდგას მისი მუზეუმის მიმდებარე სკვერში, სადაც რამდენიმე წლის წინ ძეგლის დასადგმელად პიედესტალი გაამზადეს“, – განაცხადა “ერთიანი კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ლურსმანაშვილმა.