ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიცვლება

458

გლდანში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 23:00 საათიდან 9 ოქტომბრის 23:00 საათამდე, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე (ლესელიძის ქუჩიდან პოლიციის შენობამდე) ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო, ვეკუას ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იქნება ცალმხრივად, მაისურაძის ქუჩიდან პოლიციის შენობის მიმართულებით, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც: N23 და N33 ავტობუსები ვეკუას ქუჩიდან მოძრაობას განაგრძობენ ჯერ კეცხოველის, შემდეგ კი ჯაბიძის ქუჩების მიმართულებით, საიდანაც კვლავ ვეკუას ქუჩისკენ მობრუნდებიან.

ხოლო N24 ავტობუსი ვეკუას ქუჩაზე იმოძრავებს მე-5 მიკრორაიონამდე, რის შემდეგაც ხიზანიშვილის ქუჩას დაუკავშირდება. N51 ავტობუსი გლდანულას მიმართულებით, ლესელიძისა და მიქატაძის ქუჩების ნაცვლად, ომის გმირებისა და ქერჩის ქუჩების გავლით იმოძრავებს.