გორის მერიამ უკვე შეარჩია ის მომღერლები, რომლებიც გორის დღეების დასკვნით კონცერტზე იმღერებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორი მომღერლის ჰონორარისთვის ბიუჯეტიდან 4000 ლარია გაწერილი. როგორც კულტურის სააგენტოში განაცხადეს, გიორგი სუხიტაშვილს და ოთო ნემსაძეს ოფიციალური მიწვევა უკვე გაგზავნილი აქვთ, თუმცა პასუხი სააგენტოსთვის ჯერ არ უცნობებიათ.
“ჯერ არ ვიცით, დაგვთანხმდებიან თუ არა. მოწვევა გავუგზავნეთ და ველოდებით პასუხს. სხვა ვინ შეიძლება ამ დღეს მოგვეწვია? ჩვენ ეს ორი მომღერალი შევარჩიეთ იმიტომ, რომ არიან გორელები და არიან პოპილარულები“, – ამბობს გიორგი ქვათაძე.
ცნობისათვის, გორის დღის აღნიშვნა 12 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
“12 ოქტომბერს გორში გაცოცხლდება ძველი გორი თავისი ტრადიციებითა და კულტურით, – აცხადებს გორის მერია, რომელიც გორის დღე 2019-ის ანონს ავრცელებს.
უწყებით სიტყვებით, 12 საათზე გორის დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული კირიონ II – ის ქუჩიდან დაიწყება და გორის ციხემდე გაგრძელდება.