ხმალაძე: ტაქსის მძღოლებს 1 ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმები არ ჩამოეწერებათ

930

ის პოპულიზმი, რითაც ოპოზიცია არის დაკავებული, მოსალოდნელია ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდებოდა სხვა რამ რომ ეთქვათ, – ასე პასუხობს თბილისის ვიცემერი ირაკლი ხმალაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ტაქსის მძღოლებს 1 ოქტომბერს გამოწერილი ჯარიმები ჩამოეწეროთ. როგორც ხმალაძე აცხადებს, ჯარიმების ჩამოწერა არ იგეგმება და თუ რომელიმე მძღოლი რეგულაციას დაარღვევს, დაჯარიმდება.

“სხვანაირად გამიკვირდებოდა კიდეც, სხვა რამ რომ ეთქვათ. რასაკვირველია, ამას მოითხოვს ოპოზიციამ რაც კარგი კეთდება ეს მათ არ ახარებთ და რატომღაც არ უნდათ გაიგონ რა არის კარგი ქალაქისთვის. კარგი არის ის, რომ ჩვენ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, გავატაროთ ის რეფორმები, რომელიც გაზრდის და აამაღლებს სტანდარტს ქალაქში როგორც მუნიციპალური სერვისების, ასევე ყველა იმ სერვისის, რითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. როდესაც არსებობს საზოგადოების მხრიდან დაკვეთა უკეთეს სერვისებზე, უკეთეს ხარისხზე, ამას სჭირდება უფრო მაღალი სტანდარტი და შესაბამისი რეგულაცია. ის პოპულიზმი, რითაც ოპოზიცია არის დაკავებული, მოსალოდნელია ჩემთვისაც და დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდებოდა სხვა რამ რომ ეთქვათ. ჯარიმები გააუქმეთო, მაგასაც იტყვის, გააუქმეთო, მაგასაც და ცუდი იყო ეს ყველაფერიო -მაგასაც. რასაკვირველია, არაფრის გადავადებას არ ვაპირებთ, დადგა უკვე პირველი ოქტომბერი. ჯარიმები ულიცენზიო „ტაქსაობაზე“ აქამდეც იწერებოდა. თუ იქნება ფაქტები ამის შემდეგაც დაიწერება. ყველა ადამიანი, ვინც ტაქსის მომსახურებას წევდა, იყო გაფრთხილებული, რომ 1-ელი ოქტომბრიდან კატეგორიზებული ნებართვით უნდა გაეწია მომსახურება. ჩვენ რომ არ გაგვეფრთხილებინა ეს ხალხი და ისე დაგვეწერა ჯარიმა, ლეგიტიმური იქნებოდა მოთხოვნა გაუქმებასთან დაკავშირებით, მაგრამ ორ დღეში ერთხელ მოსდიოდათ სმს-ები და ვაფრთხილებდით აეღოთ ვაუჩერები და გადაეთეთრებინათ მანქანები. თუ ამის მიუხედავად ადამიანმა გადაწყვიტა მაინც დაარღვიოს რეგულაცია, ამ შემთხვევაში ჯარიმა გამოიწერება. არც განხილულა რაიმე ფორმით ჯარიმის ჩამოწერა. მეტიც, თუ ექნება ადგილი დარღვევებს მოყვება შესაბამისი რეაგირება”,- განაცხადა ხმალაძემ.