წყალმომარაგების სექტორში მომსახურების გაუმჯობესების მიზნით კორეელი სპეციალისტები რეკომენდაციებს მოამზადებენ

512

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები მზია გიორგობიანი და გრიგოლ კაცია კორეის ექსიმბანკის (Korea Eximbank) წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი სასოფლო დასახლებებში წყალარინების და წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, გამოცდილების გაზიარების პროგრამის (Knowledge Sharing Program – KSP) ტექნიკური დახმარების ფარგლებში საჭიროებების შესწავლა იყო.

მათივე ცნობით, სექტორში მომსახურების გასაუმჯობესებლად და არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, შერჩეული რეგიონისთვის მომზადდება კონკრეტული რეკომენდაციები როგორც ტექნოლოგიური გადაწყვეტების, ასევე, მართვის გამოცდილების კუთხით.

პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის ნოემბრიდან დაიწყება და დაახლოებით, ერთი წელი გაგრძელდება.

“დღეის მდგომარეობით, სამინისტრო სხვადასხვა განვითარების პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, როგორც ურბანულ, ასევე, სასოფლო დასახლებებისთვის, ახორციელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამ პროექტების მთავარი მიზანი მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობა- რეაბილიტაციაა”, – აცხადებენ სამინისტროში.