ახალციხის მერია ხელშეკრულებით ორ თანამშრომელს აიყვანს

712

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ორ მძღოლს ხელშეკრულებით აიყვანს. ახალი საშტატო ნუსხა საკრებულომ ხმაურის ფონზე დღეს, 30 სექტემბერს დაამტკიცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, შეიძინეს ოთხი ახალი მანქანა, ამიტომ მოუწევთ თანამშრომლების დამატებაც.

“მუნიციპალიტეტმა შეიძინა ორი მაღალი გამავლობის ავტომობილი და ორი მსუბუქი მანქანა, ამიტომ ამ მანქანებს სჭირდება მოფრთხილება და სწორედ ამის გამო მოხდა ახალი თანამშრომლების დამატება“, – განმარტა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძემ.

სხდომაზე საკითხის წარდგენას საკრებულოს დეპუტატების მხრიდან ხმაური მოყვა, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა და უმრავლესობის დეპუტატმა თამარ გოგოლაძემ საკითხს მხარი არ დაუჭირა.

“რაში ან ვის სჭირდებათ ან ახალი მანქანები და ან ახალი თანამშრომლები, როცა ხალხს უჭირს?!“,– იკითხა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ეკა ტატალაშვილმა.

თამარ გოგოლაძემ კი განაცხადა, რომ როცა მერია ახალ მანქანებს იმატებს, საკრებულოს დეპუტატებს მანქნა საერთოდ არ ყავთ და თითოეულ დეპუტატზე გამოყობილ 200 ლიტრ ბენზინს საერთოდ ვერ ხარჯავს.

„თქვენ ხომ ამბობთ, რომ მოსახლეობაზე ხართ ორიენტირებული, მაშინ რატომ არ გვაძლევთ უფლებას რომ მოსახლეობამდე მივიდეთ და მათი პრობლემები მოვიტანოთ, ხომ უნდა გვქონდეს ამის საშუალება. 200 ლიტრ ბენზინს რომ მაძლევთ და მისი ხარჯვის წესიც არ გაქვთ დამტკიცებული, თქვენი ასე გადანაწილებული ბიუჯეტით ხაართ მოსახლეობაზე ორიენტირებულნი?!“, – განაცხადა სხდომაზე თამარ გოგოლაძემ.

გოგოლაძეს საკრებულოს თავმჯდომარემ განუმარტა, რომ საკრებულო ახლომომავალში შეიძენს ერთ მანქანას, რაც შეეხება, საწვავის ხარჯვის წესს, ასე უპასუხა „ეგ პრობლემაც მოგვარდება, მაგაზე თქვენ არ ინერვიულოთ. რატომ ჩხუბობთ? მაგაზე არაფერი ხარჯები არ იზრდება“.

გოგოლაძე აცხადებს, რომ თავმჯდომარემ მას საფინანსო კომისიის სხდომაზე მაგიდაზე მუშტების რტყმით უპასუხა: „მე მეუბნებით კიდე ნუ ვჩხუბობ და ხმას რატო ვუმაღლებ? გუშინ მაგიდაზე მუშტები თქვენ მიბრახუნეთ და ასე ადამინების დაშინებას თავი დაანებეთ“.

საბოლოო ჯამში სხდომაზე, საშტატო ნუსხა დამტკიცდა, რომლის მიხედვითაც, მერიას ორი მორიგე მძღოლი დაემატება ახლად შეძენილი მანქანებისთვის, მათი სახელფასო ანაზღაურება 850 ლარი ექნება. როგორც, სხდომაზე მერის მოადგილემ გურამ მელიქიძემ განაცხადა ავტომობილები მერიის ყველა სამსახურს მოემსახურება.