ნაძალადევში, ნუშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

741

ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური რეაბილიტაცია გრძელდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა ნუშის ქუჩაზე. პროექტის ფარგლებში, მოეწყო კანალიზაციის ცენტრალური ქსელი და დაერთებები, ასევე გამოიცვალა წყალსადენის სისტემა. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, დაიწყო საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება – მთლიან ქუჩაზე მოეწყო ბორდიურები, ტროტუარები და დაიგო ორი ფენა ასფალტის საფარი. რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

„ნუშის ქუჩის რეაბილიტაცია ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია. ამ ქუჩაზე არ არსებობდა არც კანალიზაციის ქსელი და არც ასფალტის გზა. ინფრასტრუქტურული სამუშაოები 7 200 კვ.მ ფართობზე შესრულდა. ასეთივე მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს პარალელურ ქუჩაზე – ავშანზე, რომლის დასრულების შემდეგ მთლიანად მოწესრიგებული იქნება რაიონის ეს ნაწილი“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ნუშის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაკვეთით განხორციელდა. პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 750 000 ლარზე მეტი გამოიყო.