„თბილისობა 2019“ 5-6 ოქტომბერს გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის უკვე შერჩეულია ადგილმდებარეობები – რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები.
თბილისობის წლევანდელი პროგრამა განახლებულია და მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავს. ღონისძიებებს შორის იქნება საბავშვო კონცერტები და ატრაქციონები; კულინარიის, ტკბილეულისა და ყვავილების ფესტივალები; კოსტიუმირებული მსვლელობები და სპორტული აქტივობები; „მულტიეთნიკური თბილისი“ რიყეზე; ორბელიანის ღია ბაზარი; პროექტი „გვიდირიჟორე“; თბილისთან დაძმობილებული ქალაქების პავილიონები; მუსიკალური წარმოდგენები და სხვა.
ლეღვთახევში მოეწყობა „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“, სადაც წარმოდგენილი იქნება პროექცია კლდეზე: ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ვიდეოები, ცნობილი ფერწერული ნამუშევრები და ა.შ. ამ ადგილის დათვალიერებისას ინსტალაციის შესაბამისად შეიცვლება მუსიკა და გამოსახულება. მეტეხის ხიდზე კი სპორტული და რარიტეტული ავტომანქანების გამოფენა მოეწყობა.
5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება საპატიო თბილისელების დაჯილდოება და გალაკონცერტი – „მე ვარ თბილისი“. ღონისძიებაზე სახელოვანი წინაპრების პარალელურად, წარმოჩენილი იქნება ახალი თაობა, როგორც დედაქალაქის წინსვლისა და უკეთესი მომავლის საწინდარი.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საშემსრულებლო ხელოვნების თვალსაჩინო მოღვაწეები და სახელგანთქმული კოლექტივები. თბილისობის დასასრულს, 6 ოქტომბერს 20:00 საათზე ევროპის მოედანზე დედაქალაქის მერიის მიერ დაფუძნებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება განუმეორებელი სანახაობა – „მუარე იქსფირიენს“, რომელიც წარმოადგენს აკრობატების საჰაერო შოუს როკ მუსიკის თანხლებით.
„თბილისობის“ სრულ პროგრამას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.