მუნიციპალიტეტებში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება. პროგრამა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებით ხორციელდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი 63 მუნიციპალიტეტში ერთიანი სტანდარტის მაღალი ხარისხის ელექტრონული სერვისების დანერგვას ითვალისწინებს, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის ნაკლებ ბიუროკრატიას და მეტ გამჭვირვალობას.
„მუნიციპალიტეტებს ამ სიახლის დანერგვის შემდეგ ექნებათ წვდომა და პირდაპირი კავშირი ცენტრალური ხელისუფლების ელექტრონულ სისტემებთან, რაც ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ დაგვჭირდება წერილების გზავნა, დროის ხარჯვა და მოიხსნება ზედმეტი ბარიერები. ამ სისტემის დანერგვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სერვისების მიწოდების ხარისხის და მთლიანად, საჯარო მმართველობის სტრუქტურების გამართულად მუშაობის თვალსაზრისით“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
ერთიანი ელექტრონული მმართველობის სისტემა, რომლის დანერგვაში, პირველ ეტაპზე 21 მუნიციპალიტეტი, ნებაყოფლობით ერთვება, შექმნილია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის და მისი ეფექტურობა გამოცდილია პრაქტიკაში.
პროექტის განხორციელების შედეგად, ქვეყნის რეგიონების მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს ექნებათ, ისეთივე სახისა და ხარისხის მომსახურების მიღების საშუალება, როგორც დედაქალაქშია. სისტემა ასევე იძლევა ერთი ფანჯრის პრინციპით ერთი მუნიციპალიტეტის მომსახურების სხვა მუნიციპალიტეტში მიღების შესაძლებლობასაც, რაც გაცილებით ზრდის მომსახურების ხელმისაწვდომობას.
ელექტრონული სერვისები დაფარავს ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა: ადმინისტრაციული საქმისწარმოება; სივრცითი მოწყობა, არქიტექტურა და ზედამხედველობა; ეკოლოგია და გამწვანება; მთის სტატუსი; კეთილმოწყობა და დასუფთავება; ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი; ეკონომიკური განვითარება და ქონების მართვა; კულტურა, განათლება და სპორტი; ჯანდაცვა და სოციალური სერვისები; იურიდიული და საფინანსო-საბიუჯეტო მომსახურება.
ერთიან ელექტრონულ პლატფორმა იძლევა მოდულების განვითარების საშუალებას, როგორებიცაა: ადამიანური რესურსების მართვა; ელექტრონული კანცელარია; ონლაინ განცხადებები; საკრებულოს საქმისწარმოება; მოქალაქის დახმარება; იდეა მერს; უფასო სასადილოების ბენეფიციართა მართვა; ინფრასტრუქტურული ობიექტების მართვა; პარკირების მართვა; დასუფთავება და ნარჩენების მართვა და სხვა.
სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ შაბათს, 28 სექტემბერს გამართულ ღონისძიებაში ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, თვითმმართველობების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.