გორში ველობილიკი მოეწყობა, რომელიც ათამდე ქუჩას, სამ დასახლებას მოიცავს და მისი სიგრძე 5 კილომეტრამდე იქნება. ამის შესახებ კვირა.გე წერს.
გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, ველობილიკის მშენებლობაზე მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები 2020 წლის მარტის ბოლოს უნდა დაასრულოს.
“ჩვენ ევროკავშირის გრანტი მოვიგეთ, სადაც ერთ-ერთი მოთხოვნა ქალაქში ველობილიკის მოწყობა იყო. გარდა ამისა გორში ველომოყვარულთა ჯგუფი გვყავს, რომელთა მხრიდანაც იყო ველობილიკის მოწყობის თხოვნა. მომავალ წელს ქალაქში დაახლოებით 5 კილომეტრამდე სიგრძის ველობილიკი მოეწყობა, რომელიც ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება და გარდა ამისა სპორტის ამ სახეობის განვითარებას კიდევ უფრო შევუწყობთ ხელს”,-განაცხადა თავზარაშვილმა.