გლდანის რაიონში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფაგრლებში, ამჯერად, ავჭალაში, ჯანჯღავას შესახვევში და მიმდებარე ჩიხებში, ასევე, გლდანულის ქუჩის I, II, III, IV შესასვლელში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ჯანჯღავას შესახვევში გრუნტის გზის ნაცვლად, დაახლოებით, 4 531 კვ.მ ფართობზე, გლდანულის ქუჩის შესახვევებში კი, დაახლოებით, 4 215 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.
“ჯანჯღავას შესახვევი გლდანის რაიონში ერთ-ერთი პრობლემური ქუჩა იყო, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. მას შემდეგ, რაც კომპანია “GWP-მა“ წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეცვალა და წყალარინების სისტემა მოაწესრიგა, გამგეობას შესაძლებლობა მიეცა, საგზაო სამუშაოები დაეწყო”, – განმარტავენ გამგეობაში.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
ჯანჯღავას შესახვევისა და მიმდებარე ჩიხების რეაბილიტაციისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 254 674 ლარი, გლდანულის ქუჩის შესახვევებისთვის კი 239 844 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია L & L ახორციელებს.
“გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს ჯანჯღავას III შესახვევისა და კობერიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზის, ასევე, ჯანჯღავას პირველი შესახვევის სრული რეაბილიტაცია განახორციელა. უახლოეს მომავალში კი ივანე კაჭარავას ქუჩაზე გზის იმ მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყება, სადაც ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა”, – ამბობენ გამგეობაში.