ვფიქრობთ, აბსოლუტურად პატიოსან ბრძოლაში კახი კალაძეს კონკურენტი არ ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს არჩევნებს და ძალიან ბევრს გააკეთებს ჩვენი დედაქალაქისთვის, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კახა კალაძე იყო ძალიან წარმატებული ენერგეტიკის მინისტრი და იმედი გამოთქვა, რომ თბილისს ღირსეული მერი ეყოლება.
„დღეს კახისთვის მინისტრის ამპლუაში ბოლო მთავრობის სხდომაა და მინდა, მას გადავუხადო დიდი მადლობა. კახის მინისტრობის პერიოდში განხორციელდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი- ეს არის ჯამში მილიარდ 200 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია; აშენდა 18 ჰიდრო, 2 თბო და 1 ქარის ელექტროსადგური, იგეგმება მზის პირველი ელექტროსადგურის მშენებლობა. დარწმუნებული ვარ ახალ, ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელსაც დედაქალაქის მერობა ჰქვია, კახი წარმატებით გაართმევს თავს. მინდა, კახის კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა და წარმატებები ვუსურვო ახალი სიმაღლეების ასაღებად,” – აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა გაწეული საქმიანობისთვის ასევე მადლობა გადაუხადა თბილისის მერს, დავით ნარმანიას.
„დავით ნარმანიას არაერთი ძალიან კარგი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქალაქისთვის. იგი ჩუმად აკეთებდა ბევრ საქმეს და არაერთიკრიტიკის ქარცეცხლს გაუძლო, ხშირად დაუმსახურებელს. მინდა, რომ მას დიდი მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო”, – განაცხადა პრემიერმა.