რუსთავის მერიაში მონაწილეობითი ბიუჯეტირების საკითხზე ტრენინგი გაიმართა

1027

მოქალაქეთა მონაწილეობით ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენისა და შესაბამისი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავების საკითხზე რუსთავის მერიაში ტრენინგი გაიმართა. ტრენინგს, რომელიც საქართველოს მედია-კლუბის ორგანიზებით ჩატარდა, რუსთავის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, აგრეთვე, რეგიონში მოქმედი მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ დეცენტრალიზაციის როლს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში, განიხილეს მონაწილეობით ბიუჯეტის ამოცანები, ფორმები, სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა და ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.

ტრენინგზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო მონაწილეობითი ბიუჯეტირების საინფორმაციო მხარდაჭერის, აგრეთვე, ადგილობრივი თვითმმართველობის მოქალაქეებთან და მედიასთან კომუნიკაციის ფორმებსაც.

შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს იმ გამოცდილებაზე, რომელიც რუსთავის მერიას მოქალაქეთა ჩართულობით განხორციელებული პროექტების სახით დაუგროვდა, მათ შორის, მერის თანაშემწემ, რევაზ ბარბაქაძემ წარმოადგინა ინოვაციური სამაგიდო თამაში, რომელიც სპეციალურად ახალგაზრდების ჩართულობის გასაზრდელად შეიქმნა და რომლითაც ქალაქის კონკრეტული უბნების საჭიროებების განსაზღვრა და პროექტების დაგეგმვაა შესაძლებელი.

ტრენინგი, რომელსაც ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი, კოკა კიღურაძე და მაგდა პოპიაშვილი უძღვებოდნენ, საქართველოს მედია კლუბმა გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილი პროექტის – “მოქალაქეთა თანამონაწილეობა ადგილობრივ ბიუჯეტირებაში” -ფარგლებში ჩაატარა.

“პროექტის მიზანია, საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში დაინერგოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრაქტიკა, რისთვისაც, პირველ ეტაპზე, მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებისთვის ვატარებთ ტრენინგებს და ვაცნობთ მსოფლიოში არსებულ მოდელებს იმისათვის, რომ მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის შემდეგ მოხელეებს უკვე ჰქონდეთ ცოდნა, თუ რას ნიშნავს მონაწილეობითი ბიუჯეტი და როგორ უნდა ჩართონ მაქსიმალურად ბევრი მოქალაქე ამ პროცესში. მეორე ეტაპზე, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან ერთად, შევარჩევთ მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე შესაფერის და მისაღებ მოდელს, რის შემდეგაც დაიწყება მისი დანერგვა. გარდა ამისა, თვითმმართველობებს დავეხმარებით, შექმნან კომუნიკაციის სტრატეგიები, რაც ძალიან საჭიროა როგორც მოქალაქეებთან, ისე მედიასთან ურთიერთობისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებს, მეტი ადამიანი ჩართონ ბიუჯეტის დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც, ზოგადად, თვითმმართველობის უპირველესი ამოცანაა”, – განაცხადა ტრენინგების პირველი ციკლის დასრულების შემდეგ პროექტის დირექტორმა, მაგდა პოპიაშვილმა.

ანალოგიური ტრენინგები უკვე ჩატარდა ქედის, ლანჩხუთის, ფოთის, ახალქალაქისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. ტრენინგების ჩატარება ასევე, დაგეგმილია ლაგოდეხის, მცხეთის, ზესტაფონისა და ონის მუნიციპალიტეტებში.