თბილისში წელს პირველად, ხეების ინვენტარიზაციის და აღწერის პროცესი დაიწყება

770

თბილისში წელს პირველად, ხეების ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყება. როგორც თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა გიორგი წერეთელმა განაცხადა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსულტაციები და მოლაპარაკებები ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თუ რა სახით, როგორ უნდა მოხდეს მწვანე საფარის ინვენტარიზაცია.

„ორ კვირაში უკვე გვეცოდინება, რა პირობებით უნდა გამოცხადდეს ტენდერი, რომელსაც სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისში გამოვაცხადებთ. შემდეგ გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება და თბილისის მასშტაბით ხეების ინვენტარიზაციის პროცესი დაიწყება“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

მისივე თქმით, ასევე ჩამოყალიბდებიან, რა მეთოდოლოგიით წარიმართება თბილისის მასშტაბით არსებული ხეების აღწერის პროცესი.

„აღწერა როგორი იქნება, ჩამოვყალიბდებით. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იქნება, რათა საბოლოო შედეგი დაიდოს – რა რაოდენობის ხე არის, სად არის განთავსებული და რა მდგომარეობაშია. შევარჩევთ, რა მეთოდით მოხდება ეს“, – განაცხადა გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა.

მისივე თქმით, წელს ბიუჯეტში ამ მიზნით 1 მლნ ლარია გათვალისწინებული. სავარაუდოდ, ხეების აღწერის პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ გასულ წელს გამხმარი ხეების მონიშვნისა და მოჭრის პროცესი დაიწყო და სანიტარული ჭრის ფარგლებში 70 ათასამდე გამხმარი ხე მოიჭრა. როგორც მერიის ეკოლოგიის სამსახურში აცხადებენ, წელს სანიტარულ ჭრას 17 ათასამდე ხე დაექვემდებარა და ეს პროცესი გრძელდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი