დიდუბის რაიონის გამგეობა დიდუბისა და დიღმის მასივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში ავარიული შენობებს ამაგრებს.
“დისევის ქუჩის N7-ში, სადაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 69 ოჯახი ცხოვრობს, დიდუბის რაიონის გამგეობა შენობის გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით მაგრდება, ასევე, ლითონის კუთხოვანებით მოჩარჩოვდება ფანჯრებისა და კარების ღიობები.
ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს მეტრეველის ქუჩის N7-ში. გარდა ამისა, სხვადასხვა სახის სამუშაო რამდენიმე ამხანაგობაში მიმდინარეობს. საერთო სარგებლობის კიბეების მონტაჟი გორის ქუჩის N12-სა და თევდორე მღვდლის ქუჩის N19-ში მიმდინარეობს. ასევე, ბაგრატიონის ქუჩის N25-27-ში, დიდუბის ქუჩის N8-სა და აკაკი წერეთლის გამზირის N99-ში შენობის ბრტყელი და ქანობიანი სახურავების აღდგენითი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მასთან, ბათუმის ქუჩის N20-ში კორპუსის დაზიანებულ თაღს აღდგენითი სამუშაოები უტარდება. ამასთან, თოთხმეტ მისამართზე სხვადასხვა ტიპის სამუშაოები უკვე დასრულდა, რომლისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 325 727 ლარი გამოიყო”, – ნათქვამია დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.