ჭიათურის მერიის თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

1238

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ბრალდებით, 1971 წელს დაბადებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი დ.ბ. დააკავეს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

მათივე ცნობით, პოლიციამ, დ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება “მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული კი, ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი  ნაწილით მიმდინარეობს.